სოზარ სუბარი - დემოკრატიული სამყაროს ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი
სოზარ სუბარი - დემოკრატიული სამყაროს ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი

შეუძლებელია, სტრასბურგის სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ არა საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის აღიარება და აგრესორის გამტყუნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„შეუძლებელია, სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ არა აღიარება საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის და აგრესორის გამტყუნება. შეუძლებელია, თუ მართლა ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩართო რუსეთმა. მე ამ შემთხვევაში ნდობას ვუცხადებ და იმედი მაქვს სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის,  დამოუკიდებლობის და სამართლიანობის. სასამართლოსი, რომელიც ყველაზე მაღალი და ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე და არა მხოლოდ ევროპის მაშტაბით“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დადასტურებულია – ეთნიკური წმენდა, ადამიანების წამება და მკვლელობა, ქართველი ჯარისკაცების და მოქალაქეების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა;  სახლების შეგნებული ნგრევა და დაწვა, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ უკან დაბრუნების  საშუალება.

„რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, რამდენად აღასრულებს რუსეთი მას, ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი, კომიტეტი, რომელთაც აქვთ ბერკეტი, თუ როგორ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს პირობები. ეს ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არ დაგვავიწყდეს, რუსეთი აშანტაჟებს ევროსაბჭოს წევრებს, რომ შეწყვეტს ორგანიზაციის დაფინანსებას, დატოვებს ორგანიზაციას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

​საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

 

დატოვე კომენტარი