სოსო ტყემალაძე - რაგბის, ქვეყანას და ერთმანეთს ზიანი არ უნდა მივაყენოთ #1TVSPORT
სოსო ტყემალაძე - რაგბის, ქვეყანას და ერთმანეთს ზიანი არ უნდა მივაყენოთ #1TVSPORT

სოსო ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრა და რაგბის კავშირის მოახლოებული ყრილობის შესახებ ილაპარაკა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთი კანდიდატია.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ხვალ, 10 მარტს ექსპო ჯორჯიაშია ჩანიშნული. სოსო ტყემალაძემ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა.

„ბოლო წელიწადნახვარია, რაგბის კავშირს არჩევნები იმართება და ვერა და ვერ გაიმართა. ჩემი მოლოდინია, რომ მშვიდობიანად ჩატარდება. იცით, რომ ხმათა უმრავლესობა მაქვს, შესაბამისად, გამარჯვება გაფორმდება და რაგბის კავშირიც მოქმედებას დაიწყებს. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი, რათა ბიჭები დაუბრუნდნენ მოედნებს და გეგმების განხორციელება სწრაფად დავიწყო“, – ამბობს სოსო ტყემალაძე.

მან ირაკლი აბუსერიძის მომხრეებსაც მიმართა, რომ დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ყრილობის მშვიდობიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ:

„ირაკლის მომხრეებს მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ რადიკალური განცხადებებისგან, არ ჩავატარებინებთ, ჩავშლით და ა.შ. სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს არის ანტისარაგბო მოწოდებები. მე მოვუწოდებ ყველას მშვიდობას, ჩემს მომხრეებსაც. რაგბის, ქვეყანას და ერთმანეთს ზიანი არ უნდა მივაყენოთ“.