სოსო გალუმაშვილი - საზოგადოებაში აბსოლუტურად არ არის ასეთი ტიპის რადიკალიზაცია, რასაც ე.წ. სურათების სახით გადმოგვცემენ
სოსო გალუმაშვილი - საზოგადოებაში აბსოლუტურად არ არის ასეთი ტიპის რადიკალიზაცია, რასაც ე.წ. სურათების სახით გადმოგვცემენ

საზოგადოებაში აბსოლუტურად არ არის ასეთი ტიპის რადიკალიზაცია, რასაც ე.წ. სურათების სახით გადმოგვცემენ, – ამის შესახებ პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, სოსო გალუმაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოების ცხოვრება რადიკალიზმისგან აბსოლუტურად დაცლილია. რეალურად, საჭიროა თუ არა, ყველა პრობლემა გამოდის საზოგადოების სამსჯავროზე. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, ეს საკითხები ინტერესთა ჯგუფების შიგნით გადაწყვეტილიყო“, – განაცხადა გალუმაშვილმა.

ამ განცხადებით სოსო გალუმაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ჩანს თუ არა უახლოეს ხანში ჰორიზონტზე პოლარიზაციის დასასრული.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ ხდება საკითხების ინტერესთა ჯგუფების შიგნით გადაწყვეტა, სოსო გალუმაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი თანაცხოვრების გამოცდილება არ გაგვაჩნია.

„ჩვენ ასეთი თანაცხოვრების გამოცდილება არ გაგვაჩნია, როგორ შეიძლება, განსხვავებული შეხედულებების ადამიანები კონსენსუსამდე მივიდეთ. ეს პრობლემა წარმოიქმნა და გრძელდება, თორემ მედიით ათჯერ ნაკლები პრობლემის ასახვა მოხდებოდა, რაც რეალურად არსებობს. სხვათა შორის, აქ ინტერესთა ჯგუფებიც სცოდავენ. მათ შორის – მთავრობა, პარლამენტი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სხვა“, – განაცხადა გალუმაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემური საკითხები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ უნდა წავიდეთ იმისკენ, რომ პრობლემური საკითხები, რომლებიც შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩართულობით, გარკვეული პლატფორმების შექმნით გადაწყდეს, ამ მეთოდებით გადაწყდეს და არა იმისკენ, რასაც ვთქვათ, თავზე ნაგვის დაყრა ჰქვია“, – განაცხადა გალუმაშვილმა.

როგორც პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა აღნიშნა, მედიაში პოლიტიკური დებატები უნდა შემოვიდეს, რაც გარემოს აბსოლუტურად შეცვლის.

„მე რომ ვინმეს ვეკამათები, ვიღაც ჩემ მხარეს იქნება და ვიღაც მეორე ადამიანის მხარეს. აი, ასეთი ტიპის დებატების კულტურა უკან არის ჩაწეული და ერთი არხიდან სხვა რაღაც გვესმის, მეორე არხიდან სხვა. ეს იქითკენ უნდა გადავიყვანოთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა იდებატონ. თავიდან გართულდება, მაგრამ დებატები გარკვეულ პლატფორმებზე უნდა მოეწყოს და არა ქუჩაში“, – განაცხადა გალუმაშვილმა.

შეკითხვაზე, რის თუ არა ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიათა ინტერესებში დიალოგი, დებატები და მოლაპარაკების ამ ფორმატში გადმოტანა, სოსო გალუმაშვილმა განაცხადა, რომ სხვა გზა არ გვქვს.

„სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ ასე არ გავაკეთებთ, მაშინ ყოველდღე ისევ იმ სურათს დავინახავთ, როცა ხან ერთი დააყრის ნაგავს გორში, ხან მეორე ბათუმში და ეს აღარ დამთავრდება“, – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.