სოსო გალუმაშვილი - მამუკა ბახტაძე მცირე ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან მოიკოჭლებდა
სოსო გალუმაშვილი - მამუკა ბახტაძე მცირე ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან მოიკოჭლებდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან მოიკოჭლებდა, – ამის შესახებ კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, სოსო გალუმაშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში ოთხივე თანაწამყვანმა პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის მოღვაწეობა შეაფასა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა. მედიასთან შეხვედრაზე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბახტაძემ განმარტა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი როლი უარყოფითმა მოლოდინებმა შეასრულა, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები გაუფასურების საფუძველს არ ქმნის. გალუმაშვილი თვლის, რომ მოლოდინების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთანაც ყოფილ პრემიერს საკმარისი კომუნიკაცია არ ჰქონდა.

„ბახტაძესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესთან კომუნიკაცია, სადაც პრემიერი აშკარად მოიკოჭლებდა. ერთია ლარის კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები და მეორეა კურსის მიმართ მოლოდინების მართვა, რაც პრემიერისა და მისი კაბინეტის კომპეტენციაში შედის. მართალია, იყო მსხვილ ბიზნესთან გარკვეული შეხვედრები და კომუნიკაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რადგან ეს მოლოდინები არ ყალიბდება მხოლოდ დიდ ბიზნესში. მოლოდინის პრობლემა მოდის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებიდან. ბახტაძეს დიდ ბიზნესთან კომუნიკაციაში პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ქვემოთ ადამიანები მიტოვებული იყვენენ“, – განმარტა გალუმაშვილმა.

მისი აზრით, ახალ პრემიერს ელექტროენერგიის სექტორის მიმართულებით ძალიან კარგად გაწერილი სტრატეგიის წარმოდგენა დასჭირდება, რადგან ივლისის თვეში ქვეყანას ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა.

„ენერგეტიკის მიმართულებით სასწრაფოდ საჭიროა კონკრეტული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის დადება, რომელიც გვეტყვის, თუ საით მიდის სახელმწიფო. წელს იყო პირველი ივლისი, როცა ჩვენ ელექტროენერგია ვიყიდეთ, მაშინ, როცა 25 წლის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე დღეები გვქონდა და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ვიყავით, ივლისში ენერგია არასოდეს გვიყიდია. პირველ რიგში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე ვიქნებით დამოკიდებული, რადგან ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტრუქტურიდან გამომდინარე, ბევრი რამ ტექნიკურად ვერ ხერხდება. ამიტომ პირველ რიგში ელექტროენერგიისა და ჰესების მიმართულებით უნდა დაისახოს პოლიტიკა და სტრატეგია. ბიზნესმენები პირველ რიგში ამას ელოდებიან“, – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.