სოსო გალუმაშვილი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზულად, რადგან შეიძლება, ყველაფერს შეექმნას პრობლემა, რაც საქართველოდან რუსეთში შედის
სოსო გალუმაშვილი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზულად, რადგან შეიძლება, ყველაფერს შეექმნას პრობლემა, რაც საქართველოდან რუსეთში შედის

დიდი ალბათობით, რუსეთი საქართველოში ტურისტებისთვის ჩასვლისა და საჰაერო ფრენების აკრძალვით არ შემოიფარგლება, სანქციები გაგრძელდება და ქვეყანა ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს, – ამის შესახებ კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე საუბრის დაწყებაც.

„სანქციები გაგრძელდება. ამაში დასამალი არაფერია, რომ ეს საკითხი ტურისტებისთვის საქართველოში ჩასვლისა და ფრენის აკრძალვით არ შემოიფარგლება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზულად. აქამდეც უნდა მოვმზადებულიყავით, მაგრამ არა უშავს. უნდა მოვემზადოთ არა მარტო იმ ღვინის მიმართულებით, რომლის შემოწმებაც ხელახლა დაიწყეს, არამედ მწვანილზე, პომიდორზე, რაც კი რუსეთში შედის, შეიძლება, გარკვეულწილად, ყველაფერს პრობლემა შეექმნას.  რა თქმა უნდა, ეს თავისთავად რუსეთის იზოლაციონისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ერთ-ერთი დაცვის საშუალება, ჩემი აზრით, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე საუბრის დაწყებაა. კონკრეტული მოქმედებების გეგმა უნდა გავწეროთ, როგორ გამოვიდეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებიდან“, – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა, რომელიც საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანია.