სოსო ფრუიძე - კარგია, რომ უეფა-ს რეიტინგში საქართველოს ქულები მოვუტანეთ
საჩხერეს „ჩიხურამ“ ევროპის ლიგის პირველ კვალიფიკაციაში ლუქსემბურგის „ფოლა ეში“ ორჯერ დაამარცხა (2:1, 2:1), ჯამში 4:2 მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა. გუნდმა უეფა-ს რეიტინგში საქართველოს უკვე 0,5 ქულა მოუტანა, რაც ჩვენი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია.
საჩხერეს „ჩიხურასა“ და „ფოლა ეშის“ მატჩის შემდეგ საჩხერელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა.
„მეტოქეს, „ფოლა ეშს“ პირველ ნომრად თამაში არ შეეძლო, რადგანაც მათ ამის რესურსი არ გაჩნდა. თუ დააკვირდით, 0:1-ს რომ აგებდნენ და გოლები სჭირდებოდათ, მაშინაც მეორე ნომრად თამაშობდნენ და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ. კარგია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით და უეფა-ს რეიტინგში საქართველოს ქულები მოვუტანეთ. აქვე მინდა „საბურთალოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა მივულოცო, თბილისის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ კი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ და თითოეული მათგანის წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთზე აისახება“, – ამბობს სოსო ფრუიძე.
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჩიხურა“ შოტლანდიური „აბერდინისა“ და ფინური „როპსის“ წყვილის გამარჯვებულს 25 ივლისს (გასვლაზე) და პირველ ივლისს (თბილისში) შეხვდება.