Sony Music Communication ქართული ღვინის შესახებ სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს
ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს Sony Music Communication-ის წარმომადგენლობა ეწვია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
Sony Music Communication-ი და კომპანია TOPPAN-ი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართულ ღვინოსთან“ ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.
იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში 2019 წლის გაზაფხულზე პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება.
საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში იხილავს.
საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს. აღიარებას საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესო მოჰყვა, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.