სონის დუბლი და „ტოტენჰემის“ რთული გამარჯვება „ასტონ ვილასთან“
სონის დუბლი და „ტოტენჰემის“ რთული გამარჯვება „ასტონ ვილასთან“

სონ ჰიუნ მინის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში გამარჯვების მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩში ანგარიში „ასტონ ვილამ“ გახსნა, როდესაც ტობი ალდერვაირედმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა ბელგიელმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა და რამდენიმე წუთში ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ ლონდონელებმა მეორეც გაიტანეს: სონის დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ისევ კორეელმა იყოჩაღა და 2-1 „ტოტენჰემის“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში ისევ საყაიმო გახადეს: 53-ე წუთზე მეორე გოლი ლონდონელებს ენგელსმა გაუტანა.

მატჩი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 94-ე წუთზე ისევ სონმა გაიბრწყინა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან „ჩელსის“, თუმცა „არისტოკრატებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ორშაბათს, 17 თებერვალს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.