სომხეთში ჩემპიონატი 23 მაისს განახლდება - ხუთი შეცვლა ნებადართულია
სომხეთში ჩემპიონატი 23 მაისს განახლდება - ხუთი შეცვლა ნებადართულია

სომხეთის პრემიერლიგა 23 მაისიდან განახლდება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს – ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

უმაღლესი და პირველი ლიგების მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების გაუქმების საკითხი უახლოეს პერიოდში განიხილება.

ამავე დროს, არაორდინალური ვითარების გამო, სომხეთში ორი ახალი წესი დაამტკიცეს. პირველი ისაა, რომ სატრანსფერო „ფანჯარა“ 15 ივლისიდან 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მეორე სიახლე ისაა, რომ სომხეთის ჩემპიონატში გუნდს ხუთი შეცვლის უფლება ექნება. ეს ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ინიციატივაა, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფორმადაკარგულ მოთამაშეებში ტრავმების რისკი შემცირდეს.

ჩემპიონატის განახლების გარდა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ასევე გადაწყდა, რომ ფუტსალის ჩემპიონატი 1 ივნისიდან დაიწყება და შეცვლილი გრაფიკით ჩატარდება. თუმცა, გაუქმდა ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფის და ქვეყნის თასის გათამაშება.