სომხეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, თურქეთთან უმაღლეს დონეზე გამართონ შეხვედრები
სომხეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, თურქეთთან უმაღლეს დონეზე გამართონ შეხვედრები

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანი – სომხეთი მზადაა, თურქეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამართოს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანე გევორქიანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ნიკოლ ფაშინიანმა მას შეხვედრა სთხოვა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით.

სომხეთის პრემიერის პრეს-მდივნის თქმით, სომხეთის პრემიერმა თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ეროვნული ასამბლეისა და მთავრობის კითხვა-პასუხის სესიაზე განაცხადა, რაც რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის სომხეთის მთავრობის მზადყოფნას გამოხატავდა.

გევორქიანის თქმით, ანკარისა და ერევნის ოფიციალურ პირებს შორის ეფექტური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ასეთი კონტაქტების დამყარების შემთხვევაში, სომხეთი მზადაა თურქეთთან შეხვედრები უმაღლეს დონეზე გამართოს.

სომხეთის პრემიერის პრეს-მდივანი, სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის გახსნასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომუნიკაციების გახსნის საკითხს, რომლებიც 9 ნოემბრისა და 11 იანვრის შეთანხმებებშია აღწერილი. მისი თქმით, დერეფანზე საუბარი ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობის დამყარებას, მტრული ატმოსფეროს დაძლევის ლოგიკას, და მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და ხალხის იზოლირებას.