სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.

„ისევე როგორც წარსულში, აზერბაიჯანის ოფიციალურ ანგარიშებსა და მასმედიაში კვლავ ჩნდება ცრუ მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ და ახლაც განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში“, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონში არ არის კავშირი. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.