სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო რაიონში ინტენსიური ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქო კი ერევანს მასშტაბურ პროვოკაციებში სდებს ბრალს [ვიდეო]

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო რაიონში ინტენსიური ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი სომხეთს მასშტაბურ პროვოკაციებში სდებს ბრალს.

როგორც სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, 13 სექტემბერს, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის, ვარდენისის მიმართულებით.

სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ანა გრიგორიანი კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს კაპანის მიმართულებით.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მასშტაბური დივერსია დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით.

როგორც აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ. აზერბაიჯანის ცნობით, მსხვერპლია ორივე მხარეს.

„ამ ქმედებების აღსაკვეთად, ჩვენი ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული გადაუდებელი ზომების შედეგად, მოხდა საბრძოლო შეტაკება. დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონების ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიცია, თავშესაფარი და საყრდენი პუნქტი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოყვა, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან. ამის შედეგად, არის პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად აზერბაიჯანელი სამხედროები საპასუხო ზომებს ახორციელებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების ჩასახშობად და საბრძოლო შეტაკების მასშტაბების გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

აზერბაიჯანი სომხეთს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლაჩინის, ქედბექის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში სისტემატურ პროვოკაციებში სდებს ბრალს, რაც ბაქოს მტკიცებით, მეტყველებს, რომ „სომხეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის ემზადება“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამარხებით გავრცელდა.