გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ თავადს ასამართლებენ
გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ თავადს ასამართლებენ

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ თავადს ასამართლებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ხმაურიანი სასამართლო პროცესი დღეს ფრანკფურტში დაიწყება.

მოსამართლეების წინაშე წარდგება 72 წლის ჰენრიხ XIII, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით შეთქმულების მეთაურობაში ადანაშაულებენ. მასთან ერთად საქმეში კიდევ რვა პირი ფიგურირებს.

გერმანიის ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ან მისი მხარდამჭერები არიან. ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყოფილი წევრი და ექსდეპუტატი.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირები „რაიხსბიურგერების“ ქსელის წევრები არიან. ამ ჯგუფის წევრები არ აღიარებენ თანამედროვე გერმანიის რესპუბლიკას და მის კანონებს.

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით შეთქმულების მონაწილეები 2022 წლის დეკემბერში, ანტიტერორისტული რეიდების დროს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები ბუნდესტაგის შენობაში შეჭრასა და პოლიტიკოსების დაპატიმრებას გეგმავდნენ, შემდეგ კი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად ჰენრიხ XIII-ის დანიშვნა აპირებდნენ. პროკურატურის ცნობით, შეთქმულების მონაწილეებს 500 ათასი ევრო და დიდძალი შეიარაღება ჰქონდათ. ბრალდებულებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფრანკფურტში მიმდინარე სასამართლო პროცესი ადგილობრივი სასამართლოსთვის უპრეცედენტოა. მას ცხრა ბრალდებული, ორი დამატებითი მოსამართლე და 25 ადვოკატი დაესწრება. სასამართლოში გამოძახებულია 260 მოწმე. უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.