სოფო ქაცარავა - ლიეტუვა საქართველოს განსაკუთრებულად მხარდამჭერი ქვეყანაა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ ლიეტუვა საქართველოს განსაკუთრებულად მხარდამჭერი ქვეყანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩუსთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ვიზიტები პარლამენტის და აღმასრულებელ დონეზე. ეს შეხვედრები ყოველთვის არის პოზიტიური, მეგობრული და საქმიანი, რაც ასევე დღევანდელ შეხვედრებზეც გამოიხატა.
ლიეტუვის მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ყოველთვის არის აქტუალური. ლიეტუვა ყოველთვის გვეუბნება, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იქნება ჩვენი დიდი მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკის განხორციელების გზაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც.
„ცხადია, გზავნილი ჩვენი ლიეტუველი კოლეგებისგან არის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, როგორც დემოკრატიულ ნაწილში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე, რაც თავისთავად არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან. ცვლილებებს რაც შეეხება, მთავარი, რასაც გვეუბნებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ არჩეული გზა. ჩვენ ის დღის წესრიგი გვაქვს და ვაგრძელებთ ზუსტად იმ მოტივაციით საგარეო კურსს და იმ რეფორმების განხორციელებას, რაც არის ჩვენი საგარეო კურსის ნაწილი. გზავნილიც ზუსტად ეს იყო, რომ მიუხედავად იმისა, რა ცვლილებებიც არის ამ ეტაპზე, ევროპარლამენტის არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, კიდევ ერთხელ, გზავნილი არის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მის მიერ არჩეული რეფორმები“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ლიეტუვაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.