სოფო კილაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს, რომელთა ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებულია გადმორიცხულ თანხებზე, პრობლემები არ შეექმნათ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფი კილაძემ რუსეთის მიერ ფულადი გადარიცხვების შესაძლო აკრძალვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კილაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის საზრუნავი არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ გარკვეული შემოსავალი და რომელთა ოჯახების ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებული არის გადმორიცხულ ფულზე და ა.შ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ადამიანებს არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ გამწვავებამდე არ მივა საქმე, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
რუსეთის მთავრობა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატების ინიციატივას განიხილავს.