სოფო კილაძე - ვცდილობთ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი დავდოთ, ვიდრე წინათ ვაკეთებდით
სოფო კილაძე - ვცდილობთ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი დავდოთ, ვიდრე წინათ ვაკეთებდით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენა პარლამენტისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კილაძე თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, რატომ სურს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს პროკურატურიდან წასვლა. თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია.

„შეგიძლიათ შალვა თადუმაძეს თავად ჰკითხოთ მისი მოტივაცია რა იყო, როცა განაცხადი შემოიტანა. ამაზე მე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ჩვენ კანონით გათვალისწინებული პროცედურები გვაქვს და იმ სიას უნდა დაველოდოთ, რომელიც პარლამენტში კანონის საფუძველზე შემოვა. ამის შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩვენ მსჯელობის ძალიან გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი გვექნება. პარლამენტი პასუხს ამ ნაწილზეც ვაგებთ. არ ვიცით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რა სიას წარმოადგენს. ეს მათი პრეროგატივა და მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, დეპუტატი ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე მიუთითებს.

„ოპონენტების პოლიტიკური სპეკულაციები არ მიკვირს. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ხელი დაინახონ და ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, მას და მის სახელს დაუკავშირონ. ეს არ მიკვირს, რადგან ასეთი ტიპის ბრალდებებს ყოველდღე ვისმენთ. თუმცა ვფიქრობ, სწორად და დემოკრატიულად მივდივართ. რა თქმა უნდა, იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ვცდილობთ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, ვიდრე ამას წინათ ვაკეთებდით“, – განაცხადა დეპუტატმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.