სოფო კილაძე - ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ 2019 წლის ბიუჯეტში შესწორება შევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას რეორგანიზაციისთვის დროს მივცემთ 
სოფო კილაძე - ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ 2019 წლის ბიუჯეტში შესწორება შევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას რეორგანიზაციისთვის დროს მივცემთ 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კადრებთან დაკავშირებით სჯობს, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეიცვალოს, ვიდრე საჯარო მოხელეთა სტატუსის სტანდარტი დაიწიოს.

კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის უფლება იყოს გარანტირებული.

„ბიუჯეტის კორექტირება სჯობს, ვიდრე დავწიოთ სტანდარტი, რაც რამდენიმე წლის წინ შევქმენით. 2019 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა კონსულტაციების სწორ რეჟიმში წარმართვას ხელი არჩევნებმაც შეუშალა. თითქმის სამი თვე საარჩევნო რეჟიმში ვიყავით, ვადების სიმცირის გამო,
კონსულტაციები ვერ გაიმართა. თუ ბიუჯეტში კორექტირება შევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გარკვეულ პერიოდს მივცემთ, რეორგანიზაცია განახორციელოს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ”, – განაცხადა კილაძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნაცვლად ადრე არსებული 140-ისა, 60 თანამშრომელია გათვალისწინებული.

როგორც ლაშა ჟვანიამ დღეს განაცხადა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტთან მჭიდრო კონსულტაცია იქნება.