სოფო კილაძე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები აუცილებელი იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ოპოზიცია ამ თემას სპეკულაციურად იყენებს
სოფო კილაძე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები აუცილებელი იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ოპოზიცია ამ თემას სპეკულაციურად იყენებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად იყო აუცილებელი.

„მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი წინასწარ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა. მე მგონია, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად იყო აუცილებელი და ყველაზე უმაღლესი კონსტიტუციური ღირებულება, რაც არის ადამიანის ღირსების შემდეგ, ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, გავუფრთხილდეთ ამ სიცოცხლეს“,- განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიცია ამ თემას სპეკულაციურად იყენებს.

„მესმის, რომ ოპოზიცია სპეკულაციურად იყენებს ამ თემას, მათ შორის, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თემას, ეს მათი უფლებაა, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში და ვნახოთ, რა შედეგი დაიდება, ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ“,- განაცხადა კილაძემ.

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.