სოფო კილაძე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ქცევის კოდექსი დეპუტატის თავისუფალი მანდატის შეზღუდვას არ გულისხმობს
სოფო კილაძე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ქცევის კოდექსი დეპუტატის თავისუფალი მანდატის შეზღუდვას არ გულისხმობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ქცევის კოდექსი დეპუტატის თავისუფალი მანდატის შეზღუდვას არ გულისხმობს, არამედ საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ელემენტარული წესები, რომელთაც ყველამ პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში პატივს სცემენ პოლიტიკური პარტიის შიგნით არსებულ თამაშის წესებს და ეს დემოკრატიული პროცესის შეფერხებად არ მიიჩნევა.

„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ გუნდის შიგნით იქნება თუ გარეთ, დემოკრატიული პროცესები რაიმე ფორმით შევაფერხოთ. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რომ გუნდის ყველა წევრს აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი. აქ საუბარია კონკრეტულ წესებზე, რომლებზეც ყველა ერთად შევთანხმდებით ნებაყოფლობით, აქ საუბარია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე, არავითარი იძულება.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც არსებობს გარკვეული თამაშის წესები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის შიგნით, ამას სცემენ პატივს და ეს არ ითვლება, როგორც დემოკრატიის შეფერხება. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციით გარანტირებულ დეპუტატის თავისუფალი მანდატის შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ელემენტარული წესები, რომელთაც ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

როდის და რა ფორმით შემუშავდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ქცევის კოდექსი, ჯერ უცნობია. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთსულოვნებასა და დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ კორექტულობას უზრუნველყოფს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეთიკის ნორმების შემუშავებაში უმრავლესობის ყველა წევრი ჩაერთვება და ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატები შეთანხმდნენ, გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რაზეც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.