სოფო კილაძე - სამწუხაროდ, ქვეყანაში შეიძლება, იყოს 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ
სოფო კილაძე - სამწუხაროდ, ქვეყანაში შეიძლება, იყოს 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ

ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომლებიც აზიანებენ ქვეყნის იმიჯს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

სოფო კილაძის თქმით, შესაძლოა, დონალდ ტუსკი შეცდომაში იყოს შეყვანილი.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ ვნახეთ, რომ თითქოს, რამდენიმე კონგრესმენმა თქვა, რომ ივანიშვილი არის პუტინის აგენტი. შემდეგ გამოვიდა ერთ-ერთი კონგრესმენი და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა ეწერა იმ დოკუმენტში. მგონია, რომ დაახლოებით იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ დონალდ ტუსკი „ტვიტერზე“ წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორც ის კონგრესმენი იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომლებიც აზიანებენ ქვეყნის იმიჯს. იქამდე, ვიდრე არ იქნება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება რურუაზე ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, მაგრამ ფაქტი ერთია, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ხალხის ფულის, 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.