სოფო კილაძე - ოკუპანტმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ადამიანის უფლებები არაფერია
სოფო კილაძე - ოკუპანტმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ადამიანის უფლებები არაფერია

სამწუხაროდ, ოკუპანტმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ადამიანის უფლებები არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავლშიც, რაც არის ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების ძალებში, რომ რამენაირად ვაიძულოთ ოკუპანტი რეჟიმი, გაათავისუფლოს ჩვენი ექიმი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.