სოფო კილაძე - მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების "გაშავება", რომელიც პირველ არხზე მიმდინარეობს
სოფო კილაძე - მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების "გაშავება", რომელიც პირველ არხზე მიმდინარეობს

მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების “გაშავება”, რომელიც პირველ არხზე მიმდინარეობს. ამის შესახებ სოფიო კილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების, რომან გოცირიძის და სერგო რატიანის საპასუხოდ განაცხადა.

“ბატონო რომან, ბატონო სერგო, მგონია, რომ საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავთ შეცდომაში იმის გამო, რომ ხედავთ რა პროცესები მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში, დაწყებული სამართლებრივი ბაზის შეცვლიდან, დასრულებული იმ რეფორმებით, რაც ნამდვილად მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. მგონია, თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ და სწორედ ამიტომ მოდის ასეთი დარტყმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მორჩება მაუწყებლის რეფორმირება საზოგადოებას მეტი შანსი გაუჩნდება, მიიღოს მეტი ობიექტური ინფორმაცია, იყოს მეტად დაბალანსებული და მიიღოს უფრო კარგი ინფორმაცია ვიდრე ზოგზოგიერთი არხი, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ.

„სირცხვილია იმ ჭორებზე აყოლა, რაც მე მოვისმინე „რუსთავი 2“-თან მიმართებით. რაღაც ფოტო დაიდო და მათი კომენტარია თითქოს ამ ფოტოზე რაღაც საიდუმლო შეხვედრაა აღბეჭდილი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება მივა ბოლომდე, რაც არ უნდა საპირისპიროს ეცადოთ თქვენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროზე განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომაზე მოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ბოიკოტი სამარცხვინოა.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით, მაშინ როცა პარლამენტში არ მოდიან მინისტრები, სამეურვეო საბჭოს წევრები, უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ პარლამენტმა საკუთარი ღირსება დაიცვას.