სოფო კილაძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაიხადოს დავალიანება
სოფო კილაძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაიხადოს დავალიანება

მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთიდან დეპორტირებული ჩვენი მოქალაქეების საქმე იყოს ყურადღების ცენტრში და საერთაშორისო თანამეგობრობამ, აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის ზამთრის სესიაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც მიეძღვნა სპეციალური რეპორტი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს რეპორტში საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი მიმართულებაა დეპორტირებული ქართველების საქმე. ვიცით, რომ სულ მცირე 1500 ადამიანი არის დაზარალებული და ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს. დიდმა პალატამ თქვა, რომ საქართველოს სასარგებლოდ რუსეთმა უნდა გადაიხადოს 10 მილიონი ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ რეპორტში, ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში. რუსებს რა თქმა უნდა, ჰქონდათ მწვავე პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ისინი შეეცდებიან, ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში. მთავარია, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამოადეპორტეს რუსეთიდან, იყვნენ ყურადღების ცენტრში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, აიძულოს რუსეთი დავალიანება, რომელიც აქვს მოქალაქეების მიმართ, გადაიხადოს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.