ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.

ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას.

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ კომპენსაციის თანხის გადაუხდელობა წარმოადგენს კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების აშკარა უგულებელყოფას.

კომიტეტმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციებისკენ, რათა განისაზღვროს დაკისრებული თანხის გადახდა. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე 2020 წლის მარტში ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება 2019 წლის 23-25 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი