სოფო კილაძე გაუგებარსა და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას „მორალურ ტერორში“ მონაწილეობაზე 
სოფო კილაძე გაუგებარსა და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას „მორალურ ტერორში“ მონაწილეობაზე 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაუგებარსა და არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას ბრალდებას, რომ თავად კილაძე, აგრეთვე, დეპუტატები მამუკა მდინარაძე და დავით მათიკაშვილი მის წინააღმდეგ მიმართული „მორალური და კოლექტიური“ ტერორის მონაწილეები არიან.

ამასთან, როგორც სოფო კილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება შემაშფოთებელია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ – მართლაც შეშფოთებული ვარ, რომ საბოლოოდ ვერ მოხდა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ე.წ. დამკვეთებზე გასვლა, თმცა აბსოლუტურად გაუგებარი და არასერიოზულია აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ფარული ჩანაწერის გავრცელების გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ყველა ქვეყანაში ასეა. ხელისუფლებამ რომ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, ცხადზე ცხადია“, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეების კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რჩება განცდა, რომ ისინი მის წინ წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის მონაწილეები არიან.