სოფო კილაძე - „გაბედეს“ წევრების მიზანი პოლიტიკური შოუს მოწყობა იყო, რომელშიც მონაწილეობას ვერ მივიღებდი
სოფო კილაძე - „გაბედეს“ წევრების მიზანი პოლიტიკური შოუს მოწყობა იყო, რომელშიც მონაწილეობას ვერ მივიღებდი

თუ ადამიანის მიზანი კითხვებზე პასუხის მოსმენაა, პასუხებს მიიღებს, მაგრამ ვშიშობ, რომ „გაბედეს“ წევრების მიზანი პოლიტიკური შოუს მოწყობა იყო, რომელშიც მონაწილეობას ვერ მივიღებდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.

სოფო კილაძე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებთან დღეს, პარლამენტში ჩაშლილ შეხვედრას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, „გაბედეს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა მოითხოვეს და შეხვედრა დაიგეგმა.

„მათი მოთხოვნა იყო, რომ მედია ყოფილიყო შეხვედრის ამსახველი და მსჯელობა მედიის თანხლებით გამართულიყო. ფაქტი, რომ წინაპირობად აყენებდნენ შეხვედრაზე მედიის დასწრებას, მიუთითებს, რომ მათ საგნობრივი მსჯელობა კი არ სურდათ, პოლიტიკური შოუების მოწყობა უნდოდათ. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ამ უფლებას არავის წავართმევთ, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ სპეკულაციებზეა საუბარი და პოლიტიკურ თემებზე აჟიტირება ხდება, რაც სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდების შემთხვევაში ხდება, ამაში ხელს ვერავის შევუწყობთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში „გაბედეს“ წარმომადგენლებს, სოფო კილაძესა და ანრი ოხანაშვილს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა.