სოფო კილაძე - ჩვენი კონსტიტუციით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქე და წარმომადგენელი იმავდროულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში
სოფო კილაძე - ჩვენი კონსტიტუციით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქე და წარმომადგენელი იმავდროულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქე, სახელმწიფოს წარმომადგენელი იმავდროულად საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

„ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი სამართლებრივი სისტემით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მით უმეტეს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელი იმავდროულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში. ეს არის პირდაპირ ჩვენი კონსტიტუციის და ჩვენი კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, ძალიან სამწუხაროდ“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, უპასუხა, რომ „არ აპირებს უკანა სავარძელზე ყოფნას, მას საჭესთან ჯდომა უყვარს“.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს.

„ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ. მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.