სოფო კილაძე - ჩვენც გვაინტერესებს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ყველა სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ რა შედეგი დადგება
სოფო კილაძე - ჩვენც გვაინტერესებს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ყველა სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ რა შედეგი დადგება

ჩვენც გვაინტერესებს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ყველა სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ, საბოლოოდ რა შედეგი დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მგონია, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა, როდესაც საკითხის აქტუალიზება სხვადასხვა გარემოების გამო ხდება, ოჯახისთვის ძალიან დიდი ტკივილია. ჩვენ ოჯახის გვესმის, რომ უნდათ, ბოლომდე დარწმუნდნენ, რა მოხდა და ამ საქმეს როგორი მიმართულება მიეცა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში საქმეზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მისი შეფასება ძალიან რთულია პოლიტიკოსისთვის, რათა ეს სასამართლოზე რაიმე ტიპის ზეწოლად არ ჩაითვალოს.

„ოჯახი ამ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ მიესალმება. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობაც არის. თუმცა, მათ კითხვის ნიშნები კიდევ აქვთ და ისინი ამ კუთხით სამართლებრივი ნაბიჯების გამოყენებას გააგრძელებენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც გვაინტერესებს, ამ საქმეზე ყველა სამართლებრივი რესურსის ამოწურვის შედეგად, საბოლოოდ რა შედეგი იქნება მიღწეული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს.