გვესმის ჩვენი პარტნიორების შეშფოთება და წუხილი, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ, რადგან ეს არის მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარი, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე ხვალ, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას მეტ ინფორმაციას მოისმენენ.
„ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც უნდა გადავცეთ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან კოორდინირებული მიდგომა, განსაკუთრებით ახლა, არის ის, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მიუდგეს ამ საკითხს პასუხისმგებლობით, რათა შევინარჩუნოთ ვიზალიბერალიზაცია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ევროინტეგრაციის გზაზე.
ხვალ არის საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე და ჩვენ გვექნება საუბარი მინისტრთან დეტალზე, განსაკუთრებით მიუნხენის კონფერენციის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმენთ უფრო მეტ სიახლესა და დეტალებს.
საშიშროება ამ ეტაპზე არ არის. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო შეხვედრა ჩაატარა შესაბამის უწყებებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმისათვის, რომ დაგეგმილი ღონისძიებები იყოს უფრო კოორდინირებული. უფრო მეტ ინფორმაციას უკვე ხვალ გავიგებთ მინისტრისგან“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას“.