ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას საქართველო მხარს არ უჭერს
ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას საქართველო მხარს არ უჭერს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას საქართველო მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, რუსეთისთვის ევროსაბჭოს მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„სანამ რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს პრინციპებს და არ ასრულებს მოთხოვნებს, მანამდე საქართველო არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით საქართველოს დელეგაციის პოზიცია უცვლელია.

„თითქმის ყველა სესიაზე, როდესაც იმართება საპარლამენტო ასამბლეის სხდომები, ხდება ამ საკითხის გაცოცხლება. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ სანქციების გამო დაკარგა ხმის უფლება და მკაცრი ზომებს იყო გამოყენებული რუსეთის მიმართ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეს თემა აქტიურდება. აქ მოსაზრება იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ იზოლირება გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, ნაწილი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა დარჩეს.

ჩვენი დელეგაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული და იქნება ისეთი, როგორიც იყო წინა საპარლამენტო სესიების დროს. ამჯერად სხვა ფორმატში იმართება, ღიაა და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. არ მგონია, რომ ამ სესიაზე გადაწყვეტილება მიიღონ და რამე შეიცვალოს. თუმცა ასეთ დისკუსიებს პერიოდულად ადგილი ექნება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ევროპის საბჭოში რუსეთის დუმის წევრებს დღეს ელოდებიან. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველი ვიცე-სპიკერი ივან მელნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთის დუმის წევრების ევროპის საბჭოში მისვლა და კომისიის შეხვედრაზე დასწრება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის მიმართ პოზიციას ცვლის. მისივე თქმით, რუსული მხარე ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, ვიდრე რუსეთს ხმის უფლებას არ აღუდგენენ და სრულყოფილად მუშაობის უფლებას არ მისცემენ.

რუსეთს სანქციები ორგანიზაციამ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა და რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა. საპარლამენტო ასამბლეამ ეს გადწყვეტილება 2014 წლის გაზაფხულის სესიაზე მიიღო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმის უფლების ჩამორთმევის მიზეზად არა მხოლოდ ყირიმის ანექსია, არამედ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციის წევრებმა ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ მათი უფლებები დაარღვია. რუსეთმა შეწყვეტა ორგანიზაციის საწევრო თანხის გადახდაც.

საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთს ხმის უფლება არ უნდა აღუდგეს და ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, რათა ქვეყანამ ასამბლეის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის აღდგენის საქმეზე დღეს არანაირი დისკუსია და გადაწყვეტილების მიღება არაა დაგეგმილი.