ევროსაბჭოში ხვალ რუსეთის დუმის წევრებს ელოდებიან
ევროსაბჭოში ხვალ რუსეთის დუმის წევრებს ელოდებიან

ევროპის საბჭოში ხვალ რუსეთის დუმის წევრებს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში უკვე იმყოფება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი, რომელიც წლების განმავლობაში ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში დანიშნული სპეციალური კომისიის სხდომა, რომელსაც რუსი დეპუტატებიც უნდა დაესწრონ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზეა დაგეგმილი.

კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე კომენტარები წინასწარ არ კეთდება.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველი ვიცე-სპიკერი ივან მელნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთის დუმის წევრების ევროპის საბჭოში მისვლა და კომისიის შეხვედრაზე დასწრება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის მიმართ პოზიციას ცვლის.

მისივე თქმით, რუსული მხარე ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, ვიდრე რუსეთს ხმის უფლებას არ აღუდგენენ და სრულყოფილად მუშაობის უფლებას არ მისცემენ.

რუსეთს სანქციები ორგანიზაციამ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა და რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა. საპარლამენტო ასამბლეამ ეს გადწყვეტილება 2014 წლის გაზაფხულის სესიაზე მიიღო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმის უფლების ჩამორთმევის მიზეზად არამხოლოდ ყირიმის ანექსია, არამედ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციის წევრებმა ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ მათი უფლებები დაარღვია. რუსეთმა შეწყვეტა ორგანიზაციის საწევრო თანხის გადახდაც.

საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთს ხმის უფლება არ უნდა აღუდგეს და ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა, რათა ქვეყანამ ასამბლეის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.