სოფიო ქაცარავა - კონფლიქტებს ევროპაში ბევრი საერთო აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას
სოფიო ქაცარავა - კონფლიქტებს ევროპაში ბევრი საერთო აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

კონფლიქტებს ევროპაში ბევრი საერთო აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,- ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, საერთაშორისო საზღვრების დარღვევის ეს საშიში მაგალითი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის და რუსეთის სხვა მეზობლებისთვის, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის სტრატეგიული ხედვისთვის.

„პარადოქსულია, რომ ადგილზე შექმნილი ვითარებაზე საერთაშორისო მისიის გაძლიერებისკენ ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ არსებული უსაფრთხოების გარანტიების მინიმუმიც კი დაკარგა, როდესაც 2009 წელს ეუთო-სა და გაერო-ს მისიები რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკა. ამის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომელსაც არ შეუძლია თავისი მანდატის განხორციელება, ვინაიდან მას არ ეძლევა წვდომა ოკუპირებული ტერიტორიებზე“,-აღნიშნა ქაცარავამ.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი ხაზს უსვამს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის საგანგებო საჭიროებას და მოუწოდებს ეუთო-ს თავმჯდომარეებს, შექმნან ეუთო-ს სრულუფლებიან ფართომასშტაბური მისია, რომელსაც ექნება წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში.

„სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ჩვენს წინაშე არსებული დოკუმენტი მოუწოდებს ჟენევის დისკუსიებში ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას და გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. წარმოდგენილი ტექსტი არ არის საქართველოს შესახებ პირველი დოკუმენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. ბოლო წლებში სწორედ ამ პალატამ დაამტკიცა არაერთი რეზოლუცია და დეკლარაცია აღნიშნულ თემაზე. საქართველოს მთავრობა დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგული რჩება“,-აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ქართველი დეპუტატის თქმით, რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის საგანგებო საჭიროებას და მოუწოდებს ეუთო-ს თავმჯდომარეებს, შექმნან ეუთო-ს სრულუფლებიან ფართომასშტაბური მისია, რომელსაც ექნება წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში.

„საქართველოს მთავრობა დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგული რჩება. ეს ინიციატივა ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებას შორის. ეს არის მომავალზე ორიენტირებული ინიციატივა და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის“,-განაცხადა ქაცარავამ.