სოფელ საყულიაში გუშინ დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს ბრალი წარუდგინეს
სოფელ საყულიაში გუშინ დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს ბრალი წარუდგინეს

გუშინ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს ბრალი იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა, ციცინო ბაბუნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მუკბანიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით, გუშინ შსს-მ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. უწყების ცნობით, სოფელ საყულიაში დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.