სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სოლიდარობის აქცია გამართეს და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის  გათავისუფლება მოითხოვეს.

„თავისუფლება ზაზა გახელაძეს, რუსეთი ოკუპანტია“ – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები სიმბოლურად სოფლის შესასვლელში შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ, რათა ზაზა გახელაძე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.

„მოვედით სიმბოლურად სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ცხოვრობს ზაზა გახელაძე. ვუცხადებთ სოლიდარობას მის ოჯახს. გვინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მოვუწოდებთ მთავრობას, დროზე მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ ზაზა გახელაძე უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახს. რუსეთი არის ოკუპანტი და სწორედ რუსეთის მიერაა ეს მავთულხლართები და უკანონო გატაცებები“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წარმომადგენელი დავით დონერიანი.

ადგილზე იმყოფებოდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“, „ახალი ძალა საქართველოსთვის“, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“, „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, „ახალგაზრდა თაობა“.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.