სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შეეფარდა
სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შეეფარდა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

მან არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის შეთავაზება მაჭარაშვილისთვის პატიმრობის ნაცვლად ათი ათას ლარიანი გირაოს გადახდის თაობაზე, ასევე, მაჭარაშვილის თანასოფლელების მიერ თავდებში დადგომა და გათავისუფლების მითხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერა.

სასამართლომ მაჭარაშვილს გირაოს უზრუნველყოფის ვადა 30 დღით განუსაზღვრა.

შემთხვევა სოფელ ბოდბეში პირველ ნოემბერს მოხდა. მირზაანის რწმუნებულის შვილ კობა თარაშვილსა და პაატა მაჭარაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ორი ტომარა ხორბლის გამო დაიწყო, რის შემდეგაც მაჭარაშვილმა სანადირო თოფით 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრა.