სოფელ ერისიმედში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სოფელ ერისიმედში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ამავე სოფელში დაინფიცირებული ცოლ-ქმრის კონტაქტია. ინფიცირებული თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

საზღვრისპირა სოფელში, სადაც 320-მდე ადამიანი ცხოვრობს, დღეიდან გადაადგილება შეიზღუდა. სოფლის შესასვლელში მოწყობილია საკონტროლო პუნქტი და სამედიცინო კარავია გაშლილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სოფელი მომარაგებულია პირველადი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით.

სოფელ ერისიმედში გუშინ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, აღნიშნულ სოფელში სულ სამი პირია ინფიცირებული.