სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მკვლელობა 17 იანვარს მოხდა.