სოფელ ალგეთთან, წითელი ხიდისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
სოფელ ალგეთთან, წითელი ხიდისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

წითელ ხიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომელიც სოფელ ალგეთის მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა, სამართალდამცავების დახმარებით გაიხსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებლები აქციას დღეს დილიდან მართავდნენ. ისინი  სოფელში სასმელ წყალს ითხოვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია წყალი არ მიეწოდებათ. აქციის მონაწილეებს მარნეულის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევიც შეუერთდა.

სოფლის მოსახლეობას ამ წუთებში მარნეულის მერი და მისი მოადგილეები ხვდებიან. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე აცხადებს, უკვე არსებობს პროექტი, რომელიც წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოახდენს. მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს მოხდება და ამისთვის სამი მილიონი ლარია გამოყოფილი. როგორც ლაშა ლობჟანიძემ განაცხადა, პროექტის დასრულებამდე მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება ცისტერნებით დაიწყება.