სოციალ-დემოკრატები - პრივატიზაციის მოკლევადიან ეფექტს სამომავლოდ საზოგადოებაზე უფრო ნეგატიური გავლენა ექნება
სოციალ-დემოკრატები - პრივატიზაციის მოკლევადიან ეფექტს სამომავლოდ საზოგადოებაზე უფრო ნეგატიური გავლენა ექნება

სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალური პრივატიზება არ შეიძლება, მიმდინარე კრიზისის ეფექტიან პასუხად ჩაითვალოს.

ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა, რითაც პრივატიზების შესახებ თბილისის მერიის გეგმებს გამოეხმაურა.

„როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერია აპირებს აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკის დაწყებას შემცირებული შემოსავლების კომპენსაციისა და სოციალური ხარჯების დასაფარად საჭირო სახსრების მობილიზაციისთვს. საზოგადოდ, პრივატიზაციის ძირითადი ლოგიკა მდგომარეობს არა საბიუჯეტო სახსრების შევსებაში, არამედ საპრივატიზაციო ობიექტების ეფექტურ ამოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე კრიზისის ეფექტურ პასუხად.

დღეს, როცა მთელს მსოფლიოში ვაკვირდებით საპირისპირო პროცესს – ძლიერდება სახელმწიფოს როლი, ხშირ შემთხვევაში ხორციელდება სხვადასხვა კერძო ქონებისა და რესურსების ნაციონალიზაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი საჭიროებები, პრივატიზაციის პანაცეად გამოცხადება არ ექვემდებარება ლოგიკურ დასაბუთებას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ხელში დამატებითი რესურსების მობილიზებას სჭირდება უფრო მდგრადი და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა.

„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის აუცილებლობაზე, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური გადასახადების (მაგალითად, ქონების გადასახადის) პროგრესულ სისტემაზე გადაწყობა.

პრივატიზაციის მოკლევადიან ეფექტს სამომავლოდ ექნება საზოგადოებაზე უფრო ნეგატიური გავლენა: რესურსების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია ვიწრო ჯგუფის ხელში, უთანასწორობის კიდევ უფრო მეტი ზრდა, საზოგადოებრივ რესურსებზე წვდომის შემცირება და ზოგადად საჯარო პოლიტიკების შესუსტება.

წლების განმავლობაში პრივატიზაციის და სახელმწიფოს ფუნქციების აუთსორსინგის (კერძო სექტორზე გადაბარების) პოლიტიკამ შედეგად მოიტანა ის, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა პრაქტიკულად საჯარო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი  სერვისების წარმოება მიანდეს ბაზარსა და კერძო სექტორს, რომელიც, პირველ რიგში, ორიენტირებულია კერძო სარგებლისა და მოგების ზრდაზე“, – აცხადებს პარტია.

სოციალ-დემოკრატების შეფასებით, დღეს აქტუალურია არა პრივატიზება, არამედ მუნიციპალიზაცია, რაც მათი თქმით, სხვა დამატებით პოლიტიკასთან ერთად, სახელმწიფოს ეფექტიანი საჯარო სერვისების განხორციელებისთვის დამატებით სახსრებს მოუტანს.