სლოვენიის ყოფილ პრემიერს ორი ჟურნალისტის შეურაცხყოფის ბრალდებით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
სლოვენიის ყოფილ პრემიერს, მემარჯვენე პოლიტიკოს იანეზ იანშას ორი ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის სამი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. იანშას ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საქმე 2016 წლის ინციდენტს ეხება. ორმა ჟურნალისტმა ქალმა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში მათ მეძავები უწოდა. იანშას თქმით, მან აღნიშნული ტერმინით მათი სამუშაო შეაფასა, რადგან მისი მტკიცებით, ჟურნალისტებმა მისი პარტიის შესახებ ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
იანშა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მოკავშირეა. მისმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ ივნისში სლოვენიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. იანშა სლოვენიის პრემიერის თანამდებობას 2004-2008 და 2012-2013 წლებში იკავებდა. 2013 წელს მის მთავრობას კორუფციული სკანდალის გამო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
2013 წლის ივნისში სლოვენიის ყოფილ პრემიერ-მინიტრს, იანეზ იანშას კორუფციაში ბრალდების საფუძველზე ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდება 2006 წელს ფინური კომპანია „პატრიასგან“ ტანკების შეძენის შესახებ კონტრაქტის გაფორმებას უკავშირდებოდა.