სლოვენიელი საფეხბურთო არბიტრი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი
სლოვენიელი საფეხბურთო არბიტრი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი

40 წლის სლოვენიელი საფეხბურთო არბიტრი სლავკო ვინჩიჩი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე მატჩში იმსაჯა, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე პროსტიტუციის საქმეზე ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი „სანი“ ავრცელებს.

„იმ სახლისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად, რომლითაც ეჭვმიტანილები სარგებლობდნენ, ამოღებულ იქნა კოკაინის 14 შეკვრა, ათი პისტოლეტი, სამი ჯავშანჟილეტი, 10 000 ევროზე მეტი თანხა სხვადასხვა ვალუტაში, ასევე ტელეფონები და ნოუტბუკები“, – ნათქვამია ქალაქ ბიელინის (ბოსნია და ჰერცრგოვინა) პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

რაც შეეხება ვინჩიჩს, ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სახლში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ის სრულიად შემთხვევით მოხვდა, რადგან წვეულებაზე იყო დაპატიჟებული.

მიმდინარე სეზონში სლავკო ვინჩიჩი სხვადასხვა ტურნირებში 25 მატჩს მოემსახურა. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა: „ბრიუგე“ – „გალათასარაი“ (0:0), „გენკი“ – „ლივერპული“ (1:4) და „მანჩესტერ სიტი“ – „შახტარი“ (1:1).