„სლოვანმა“, შესაძლოა, „საბურთალოსთან“ ითანამშრომლოს - ბრატისლაველები გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელად იური ტაბატაძეს განიხილავენ #1TVSPORT
„სლოვანმა“, შესაძლოა, „საბურთალოსთან“ ითანამშრომლოს - ბრატისლაველები გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელად იური ტაბატაძეს განიხილავენ #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონმა, ბრატისლავის „სლოვანმა“ და საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“, შესაძლოა, თანამშრომლობა დაიწყონ, თბილისური გუნდის კაპიტანი იური ტაბატაძე კი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა.

სლოვაკური კლუბი იური ტაბატაძით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისი შემადგენლობა გიორგი ჩაკვეტაძემ დატოვა. „საბურთალოს“ 23 წლის კაპიტნის „სლოვანში“ შესაძლო ტრანსფერზე გამოცემა sportweb.pravda იუწყება.

„ჩაკვეტაძის წასვლის შემდეგ „სლოვანი“ მის მემკვიდრეს ეძებს. რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ის „საბურთალოს“ კაპიტანმა, იური ტაბატაძემ უნდა შეცვალოს. 23 წლის შემტევი უნივერსალია. მას შეუძლია როგორც ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაში. ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა“, – ვკითხულობთ სლოვაკურ გამოცემაში.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, „საბურთალოსა“ და „სლოვანს“ შორის იური ტაბატაძის თაობაზე მოლაპარაკება ნამდვილად დაწყებულია, მაგრამ, შესაძლოა, ტრანსფერის მიღმა უფრო საინტერესო პროცესი მიმდინარეობდეს. ბრატისლავის კლუბმა და „საბურთალომ“ პარტნიორობაზე კომუნიკაცია წამოიწყეს. „სლოვანისთვის“ მნიშვნელოვანია ახალი სატრანსფერო ბაზრის ათვისება, „საბურთალოს“ კი ბევრი ნიჭიერი მოთამაშე აღუზრდია. თავის მხრივ, თბილისურ კლუბს ევროპაში პარტნიორი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდში გასულ სეზონში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე.