სლოგანით „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
სლოგანით „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა – „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს „კოვიდ-19“-ის პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ისტორიულმა თანამშრომლობამ და სოლიდარობამ ევროპის კონტინენტზე არნახული სამოცწლიანი მშვიდობა და კეთილდღეობა მოიტანა (მეტი იხილეთ ბმულზე). დღევანდელი კრიზის პირობებში სოლიდარობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ სოლიდარობის შედეგია ის, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დროულად შეძლეს საავადმყოფო საწოლების მობილიზაცია და ერთმანეთისთვის გაზიარება, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით ფინანსური დახმარების ამოქმედება.

სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს სცდება და მის მთავარ პარტნიორებზეც ვრცელდება. გასულ კვირებში, ევროკავშირმა საქართველოს, კრიზისის დასაძლევად, თითქმის 1.5 მილიარდი ლარზე მეტი გამოუყო. ეს თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და ეკონომიკის აღდგენას. ამ თანხის თითქმის 2/3 უსასყიდლო დახმარების ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი – განსაკუთრებულად შეღავათიანი პირობებით გაცემული სესხია.

ეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორად რჩება, საქართველოს ბიზნესს მიეცა წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, საქართველოს 500 000-ზე მეტმა მოქალაქემ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა. საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის უპრეცედენტოდ ბევრი პროგრამა. მათი საშუალებით საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა 7 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, ევროკავშირის დახმარებით 40 000-ზე მეტმა საწარმომ ისარგებლა.

გასულ წლებში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ამ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, 9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას სოციალურ და სამაუწყებლო მედიაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეუერთდეს ამ კამპანიას შემდეგი გვერდის საშუალებით: www.facebook.com/EuropeanUnioninGeorgia“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან ერთად, ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. „ეს იქნება რთული წელი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.