კარლ ჰარცელი - ეს იქნება რთული წელი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით

ეს იქნება რთული წელი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 9 მაისთან – ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

„დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო.

იმ დროს შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო – მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.

სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები – ანუ „ევროპის გუნდი“ – გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.

საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

ეს იქნება რთული წელი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით.

გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს. გილოცავთ ევროპის დღეს!“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

დატოვე კომენტარი