სკოტ მაკტომინეი - ქართველებს კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ მსაჯისა და ჩვენს პროვოცირებას ცდილობდნენ, ეს სირცხვილია #1TVSPORT
სკოტ მაკტომინეი - ქართველებს კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ მსაჯისა და ჩვენს პროვოცირებას ცდილობდნენ, ეს სირცხვილია #1TVSPORT

თბილისში მოგების იმედად ჩამოსულმა და შინ მხოლოდ ქულით (2:2) გაბრუნებულმა შოტლანდიელთა თავდამსხმელმა, სკოტ მაკტომინეიმ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საქციელს „სირცხვილი“ უწოდა, რადგან, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის თქმით, ქართველი მოთამაშეები ტრავმებს იგონებდნენ.

მან ჯგუფის შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთ საკვალიფიკაციო ციკლში გატანილი გოლების რაოდენობით, შოტლანდიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა. სტივ კლარკის გუნდმა ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხა, რამაც სკოტ მაკტომინეი იმედგაცრუებული დატოვა.

რამდენიმე ეპიზოდში, შოტლანდიელთა უხეშობის გამო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ექიმების დახმარება დასჭირდათ, ამ პაუზების გამო არბიტრმა შეხვედრას შვიდი წუთი დაამატა. სწორედ ამ დამატებულ დროში მოახერხა ლოურენს შენკლენდმა ანგარიშის გათანაბება.

„ცხადია, ქართველებს კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ როგორც ისინი იქცეოდნენ, ვფიქრობ, სირცხვილია. მათ რაღაც უნდა ეთქვათ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ტრავმებს იგონებდნენ. მთელი მატჩი ბავშვივით მოედანზე კოტრიალი და ტირილი ფეხბურთი არ არის. ჩვენ მხოლოდ თამაშის გაგრძელება და მოგება გვსურდა, მაგრამ ქართველები მსაჯის პროვოცირებას ახერხებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაინც ვგრძნობ, რომ თბილისურ მატჩს რაღაც დადებითი მოჰყვება და კვირას ნორვეგიასთან „ჰემპდენ პარკზე“ სხვაგვარად ვეთამაშებით. ვგრძნობ, რომ მეტი შეგვიძლია“, – თქვა სკოტ მაკტომინეიმ.