სკოლა „ალბიონის“ დირექტორი ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ბავშვების თანხლები პირების უყურადღებობას გამორიცხავს
სკოლა „ალბიონის“ დირექტორი ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ბავშვების თანხლები პირების უყურადღებობას გამორიცხავს

სკოლა „ალბიონის“ დირექტორი ალექსანდრე ჯავახიშვილი ამბობს, რომ ექსკურსიაზე უყურადღებობას ადგილი არ ქონია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, ლაგოდეხში ექსკურსიაზე ბავშვებს თანმხლები პირები ყველა წესის დაცვით ახლდნენ.

„განათლების სამინისტროსგან გვაქვს მითითება, რომ ავტობუსი უნდა იყოს გამართული, ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი, უნდა ჰქონდეს ბავშვების გადამყვანის აღმნიშვნელი ნიშანი და უნდა ახლდეს ექსკურსიას ექიმი, ან ექთანი.

ყველა წესის დაცვით, ექიმი, კლასის დამრიგებელი და სპორტის და ისტორიის მასწავლებლები, ორი ახალგაზრდა ვაჟი გავაყოლე. ესე იგი 17 ბავშვზე იყო ექიმი, კლასის დამრიგებელი და ორი ვაჟი მასწავლებელი, ოთხი ადამიანი.

იქ უყურადღებობა და უპატრონობა ვერც მოხდებოდა. ეს გოგონა შეხტა ქვაზე, ქვა იყო მოლიპული და დაუცურდა ფეხი. ამას უყურებდა ჩვენი მასწავლებელი, რომელმაც იქვე, რამდენიმე წამში ტურისტებს გამოართვა თოკი, მოიბა ტანზე და გადაეშვა წყალში, მაგრამ ისეთი ჩქარი იყო მდინარის დინება, მიაჯახა ქვებს და უკან ამოიყვანეს თოკით. იქ ახალგაზრდები იყვნენ ადგილობრივები, ისინიც ეცადნენ დახმარებოდნენ ამ გოგონას, მაგრამ უკვე გოგონა აღარ ჩანდა. ქვის ქვეშ ეტყობა მორევია“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს ალექსანდრე ჯავახიშვილმა განუცხადა, პედაგოგები ადგილზე არავის გაუფრთხილებია, რომ სახიფათო იყო აღნიშნულ მონაკვეთის გავლა.

„რეინჯერს ჩვენ თვითონ გამოვუძახეთ. ჩვენმა თანამშრომელმა გამოუძახეს. არ იზამდნენ ჩემი თანამშრომლები ისე, რომ რეინჯერს რეკომენდაცია გაეცა რისკის შესახებ და ესენი მაინც წასულიყვნენ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.

სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.  მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა.