დაცული ტერიტორიების სააგენტო - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

„ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.