სკანდალი უკრაინაში - გარიგებულ თამაშში მონაწილეობას ქართველსაც აბრალებენ
სკანდალი უკრაინაში - გარიგებულ თამაშში მონაწილეობას ქართველსაც აბრალებენ

უკრაინაში, გარიგებული თამაშების გამო, მორიგი სკანდალი აგორდა. მთავარი ბრალდებული დონეცკის „ოლიმპიკია“, რომელმაც 7 აპრილს ოდესის „ჩერნომორეცთან“ შეხვედრა 1:3 წააგო.

კლუბის პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინი კი ბრალს გუნდის ორ მოთამაშეს უყენებს – მან საჯაროდ ივარაუდა, რომ ისინი გარიგებულ თამაშებში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი თემურ ფარცვანიაა, მეორე კი – კონგოელი მცველი ვლადის ემერსონი. ისინი უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ოლექსანდრიასთან“ (0:0) შეხვედრის განაცხადშიც ვერ მოხვდნენ.

„ვიღაც ფიქრობს, რომ კლუბი არაა მართალი, ზოგი კი ფეხბურთელებს ადანაშაულებს – კი ბატონო, გამოგვიძახეთ, გველაპარაკეთ, შეგვამოწმეთ. საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, ისინი სუფთად თამაშობდნენ თუ ესაა მათი ამჟამინდელი დონე? ეს ბოლო მატჩებში მონაწილე ყველა ფეხბურთელს ეხება, მაგრამ მათ (ემერსონსა და ფარცვანიას) ყველაზე მეტად“, – ამბობს გელზინი.

26 წლის ფარცვანია უკრაინული პასპორტის მქონე ქართველია, რომელმაც შარშან საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოხატა. ის კიევის „დინამოს“ გაზრდილია და უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2009 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. „ოლიმპიკში“ ფარცვანია წელს ჩაირიცხა.