„სითი პარკი“ - 9 აპრილის ჩათვლით „სითი პარკის“ მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრები ძალაშია და მათი გადახდა სავალდებულოა
„სითი პარკი“ - 9 აპრილის ჩათვლით „სითი პარკის“ მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრები ძალაშია და მათი გადახდა სავალდებულოა

2018 წლის 9 აპრილის ჩათვლით „სითი პარკის“ მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრები კანონიერ ძალას ინარჩუნებს და მათი გადახდა სავალდებულოა,-ამის შესახებ ინფორმაციას „სითი პარკი“ ავრცელებს.

როგორც კომოპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების პროცედურები.

„გაცნობებთ, რომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისში განსაზღვრულ ფასიანი პარკირების ადგილებზე ავტომანქანის გაჩერებისთვის კვლავ სავალდებულოა პარკირების საფასურის გადახდა. პარკირების საშვის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ახალ კომპანიას და  იმოქმედებს იმ ვადით, რა ვადითაც იქნება შეძენილი (მაგ. 1 კვირა, 6 თვე ან 1 წელი).

დროულად შეიძინეთ პარკირების საშვი, რათა თავიდან აიცილოთ დაჯარიმება. ასევე, კანონიერ ძალას ინარჩუნებს 2018 წლის 9 აპრილის ჩათვლით „სითი პარკის“ მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრები და სავალდებულოა მათი გადახდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების პროცედურები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება.