დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება
დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება

დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია იქნება.

როგორც პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განუცხადა, სატრანსპორტო კომპანია პარკირებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ შეასრულოს თბილისის პარკირების სპეციალური სისტემის ადმინისტრირება როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე თანამშრომლების კუთხით.„სითი პარკის“ 102-მა თანამშრომელმა გამოხატა სურვილი, გადმოსულიყო სატრანსპორტო კომპანიაში.

ასევე ამუშავდება ცხელი ხაზის ნომერი, იქნება ინტერნეტ მისამართი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესვლა და მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯარიმების ტარიფი არ შეიცვლება.

„ჯარიმის მატებას ან კლებას ადგილი არ ექნება. ყველანაირად მზად არის კომპანია, კონტროლიორ ინსპექტორებმა მიიღეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და უკვე მზად არიან, მიაქციონ ყურადღება თბილისის პარკირებას“,- განაცხადა მამუკა კობახიძემ.

კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერმა მიმდინარე წლის 13 მარტს გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.